Zurab Anchabadze
ცნობილი აფხაზი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი - ზურაბ ანჩაბაძე დაიბადა 1921 წლის 22 აპრილს ქალაქ გაგრაში. იგი არისტოკრატიული წრის წარმომადგენელი იყო (აჩბა-ანჩაბაძეების უძველესი დიდგვაროვანი გვარის მემკვიდრე).
ზურაბის მშობლები ღრმად განათლებული და მოაზროვნე ადამიანები იყვნენ. ბებია და დედა მეგრელი დიდგვაროვანი ქალები იყვნენ. სახლში ლაპარაკობდნენ როგორც ქართულად, ასევე აფხაზურად. ზურაბის მამა - ვიანორ ანჩაბაძე პროფესიით ექიმი იყო. მან საფუძვლიანი განათლება მიიღო: ჯერ სოხუმის სკოლაში სწავლობდა, შემდეგ ბათუმსა და ტფილისში, სადაც 1908 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა პირველი ვაჟთა გიმნაზია. უმაღლესი განათლება მიიღო პეტერბურგში, საიმპერატორო სამხედრო სამედიცინო აკადემიაში. სწავლის დამთავრების შემდეგ 1914 წელს გაგზავნეს ფრონტზე და 1917 წლის ბოლომდე პირველი მსოფლიო ომში მონაწილეობდა. ომის დროს დაიწყო ვიანორ ანჩაბაძის სამედიცინო პრაქტიკა: ის დიდ ყურადღებას იჩენდა ავადმყოფი მეომრების მიმართ და მზრუნველობას არ აკლებდა მათ. ომში გამოჩენილი მამაცობისათვის ის სამი ორდენით დააჯილდოვეს.
ვიანორ ანჩაბაძე სამშობლოში 1917 წლის ბოლოს დაბრუნდა. ის აფხაზეთის სახალხო საბჭოში აირჩიეს. 1919 წელს ვიანორ ანჩაბაძემ იქორწინა გაგრის ცნობილი მკვიდრის, ანდრეი შენგელაიას ასულ ვერა შენგელაიაზე. 1920 წელს შეეძინათ ვაჟი ზურაბი, ორი წლის შემდეგ კი ქალიშვილი ირინა.
საბჭოთა რეჟიმმა დიდი უბედურება დაატეხა თავს ვიანორის ოჯახს. ვიანორ ანჩაბაძეს სამი ძმა ჰყავდა და სამივე საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა. უფროსი ძმა - ვალერიანი 1921 წელს დაიღუპა გუმისთასთან გამართულ ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახის წევრები საბჭოთა რეჟიმის მიმართ მტრულად იყვნენ განწყობილი, ვიანორ ანჩაბაძე 1928 წელს მაინც დანიშნეს ჯანდაცვის სახალხო კომისარად (ის ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, კარგი განათლების გამო საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგაც კი მოთხოვნადი კადრი იყო).
1937 წელს, როდესაც დაიწყო დიდი ტერორი და რეპრესიები, ვიანორიც დააპატიმრეს და დახვრიტეს. რეპრესიების მსხვერპლი გახდა მისი მეუღლეც, ვერა შენგელაია, რომელმაც შვიდი წელი გაატარა აკმოლას სამშობლოს მოღალატეთა ცოლების ბანაკში (А.Л.Ж.И.Р.). ვერა შენგელაია ციხიდან 1944 წელს დაბრუნდა, მაგრამ მას ჯანმრთელობა უკვე შერყეული ჰქონდა და ათი წლის შემდეგ, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მშობლები რომ დააპატიმრეს, ზურაბ ანჩაბაძე 17 წლის იყო და ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა. 1938 წელს დაამთავრა სოხუმის საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ზურაბ ანჩაბაძე სწავლის გაგრძელებას მოსკოვში აპირებდა, იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ დეიდას მცირე ხელფასი ჰქონდა დ არ შეეძლო მისი შენახვა მოსკოვში. ამიტომ გადაწყვიტა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში გაეგრძელებინა სწავლა ისტორიის ფაკულტეტზე. 1941 წელს წარჩინებით დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, შემდეგ სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1948 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (თბილისში) თემაზე: „სამეგრელო და აფხაზეთი XVI საუკუნეში“. 1960 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „შუა საუკუნეების აფხაზეთის ისტორიიდან (აფხაზთა ეთნიკური განვითარება და ქართულ-აფხაზური ურთიერთობები)“. ანჩაბაძეს კვლევის ძირითადი მიმართულება იყო შუა საუკუნეების აფხაზეთის ისტორია, საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიის მთის ხალხთა ისტორია და აფხაზთა ეთნოგენეზი, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ურთიერთობა რუსეთთან.
1956 წლიდან ანჩაბაძე ხელმძღვანელობდა გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის ისტორიის განყოფილებას. მრავალი წლის განმავლობაში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კავკასიის მთიელ ხალხთა ისტორიის განყოფილების უფროსი.
ზურაბ ანჩაბაძემ შეისწავლა ყველაზე მივიწყებული და ბურუსით მოცული პერიოდი აფხაზეთის ისტორიაში - შუა საუკუნეები. მან გამოსცა წიგნი „შუა საუკუნეების აფხაზეთის ისტორიიდან", რომელშიც დეტალურად აღწერა პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების ევოლუციის პროცესი აფხაზეთში, აფხაზური ეთნოსის ფორმირება და განვითარება.
1974 წელს ზურაბ ანჩაბაძე სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი გახდა და მისი დიდი ძალისხმევის შედეგად ამ საგანმანათლებლო დაწესებულებას აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა. სწორედ მისი რექტორობის პერიოდში, 1979 წელს სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გადაკეთდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტად, რომელსაც იგი სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.
1980 წელს აირჩიეს საქართველოს სსრ-ს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 1974-1979 წლებში იყო სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს მე-9 მოწვევის ეროვნებათა საბჭოს დეპუტატი და წარმოადგენდა სოხუმის საქალაქო № 185 ოლქს..
ზურაბ ანჩაბაძე ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას და ლექციებს კითხულობდა მოსკოვის, თბილისის, ყაბარდო-ბალყარეთისა და აფხაზეთის უნივერსიტეტებში.
ზურაბ ანჩაბაძე გარდაიცვალა 1984 წელს.