top of page

Alexander Rondeli

ქართველი პოლიტილოგი, დიპლომატი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი - ალექსანდრე რონდელი დაიბადა 1942 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში.  1991–1996 წლებში ეწეოდა მეცნიერულ და პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც იყო საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის გამგე.  1997–2001 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორად.  1998 წელს ალექსანდრე რონდელმა დააარსა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS) და იყო ამ ფონდის პირველი პრეზიდენტი 2001-2015 წლებში.   ფონდის დაარსება მიზნად ისახავდა საქართველოში ანალიტიკური ცენტრის შექმნას, რომელის მთავარი ფუნქცია იქნებოდა კვლევების განხორციელება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე.  ფონდი დღესაც მოქმედებს და ახორციელებს კვლევებს უსაფრთხოების სფეროში.  

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში სწორედ ალექსანდრე რონდელის ინიციატივით   ჩაეყარა საფუძველი  ჩვენი ქვეყნისთვის  სრულიად ახალ აკადემიურ სფეროს, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლას და შეიქმნა საერთაშორისო ურთიერთობების სასწავლო პროგრამა 1990-იან წლებში.   ალექსანდრე რონდელის მიერ გამოქვეყნებული სახელმძღვანელოები „საერთაშორისო ურთიერთობები“ და „პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში“ სამაგიდო წიგნად იქცა საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული ყველა მკითხველისათვის. 

ალექსანდრე რონდელის „საერთაშორისო ურთიერთობები“ არის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, რომლის შესაქმნელად ბატონმა ალექსანდრემ დიდი ძალისხმევა გასწია.  ის სპეციალურად იმყოფებოდა 1993/1994 წლებში აშშ-ში,  პრინსტონის უნივერსიტეტის ვუდრო უილსონის სახელობის საჯარო და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში და იქ მიღებული ცოდნა-გამოცდილების საფუძველზე შექმნა სახელმძღვანელო ქართულ ენაზე,  ქართველი სტუდენტებისათვის.  ეს სახელმძღვანელო დღემდე გამოიყენება ქართულ უნივერსიტეტებში. წიგნში დეტალურად არის გაანალიზებული და განხილული საერთაშორისო ურთიერთობების ისეთი მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხები, როგორებიცაა საერთაშორისო ურთიერთობების სხვადასხვა თეორიები,  საერთაშორისო პოლიტიკური სისტემა, წესრიგი საერთაშორისო სისტემაში, საერთაშორისო სისტემის ანარქიულობა,  საერთაშორისო ეკონომიკური სისტემა, საერთაშორისო საზოგადოება, პატარა ქვეყანა საერთაშორისო ურთიერთობებში, და ა. შ.  

ალექსანდრე რონდელი თავის მეორე ფუნდამენტურ ნაშრომში „პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში.“ ამ ნაშრომში ალექსანდრე რონდელი აანალიზებს პატარა ქვეყნის ადგილსა და როლს ანარქიულ საერთაშორისო სიტემაში.  წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოსტსაბჭოურ პატარა სახელმწიფოებს და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზს.  ავტორი დეტალურად და სკრუპულოზურად აღწერს პოსტსაბჭოთა ქვეყნების წინაშე არსებულ საფრთხეებს და პატარა ქვეყნების უსაფრთხოების პრობლემებს.  

ალექსანდრე რონდელის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში და მათი მეშვეობით ეუფლებიან ცოდნას მომავალი თაობები საერთაშორისო ურთიერთობების დარგში.  

ალექსანდრე რონდელი გარდაიცვალა 2015 წელს, დაკრძალულია თბილისში.


Alexander Rondeli
bottom of page