თოთაძე ანზორ
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
ცნობილი ქართველი დემოგრაფი, ეკონომისტი, პროფესორი - ანზორ თოთაძე დაიბადა 1939 წლის 20 სექტემბერს ქალაქ ზესტაფონში. 1963 წელს დაამთავრა ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი. 1991-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის განყოფილების გამგედ. 1998–2005 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დემოგრაფიული დეპარტამენტის თავმჯდომარე. 1968–2005 წლებში ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ანზორ თოთაძე აქტიურად ეწევა სამეცნიერო საქმიანობას და აქვეყნებს სამეცნიერო შრომებს ჩვენი ქვეყნისათვის აქტუალურ საკითხებზე. ანზორ თოთაძე არის ორი სამეცნიერო ჟურნალის მთავარი რედაქტორი: 1. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის "მაცნე" (2012 წლიდან) და 2. სამეცნიერო ჟურნალი „დემოგრაფია“ (1999 წლიდან).ანზორ თოთაძე არის დემოგრაფიული განვითარების ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიურად იკვლევს საქართველოში არსებული დემოგრაფიული კრიზისის გამომწვევ მიზეზებს და ქვეყნის დემოგრაფიულ პოლიტიკას. მისი ნაშრომების მიზანია მკითხველს გააცნოს ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი დემოგრაფიული ვითარება. ანზორ თოთაძე აანალიზებს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ძირითად მიმართულებებს და ტენდენციებს. მეცნიერი საქართველოს მოსახლეობის შემცირების მთავარ მიზეზად ქვეყანაში არსებულ არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს, ასევე ხშირ ომებსა და კონფლიქტებს, სოციო-ეკონომიკურ კრიზისსა და მძიმე სოციალურ ფონს. ავტორი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ქართულ მოსახლეობაში ძალზედ დაბალია შობადობის დონე, მაღალია მიგრაციის მაჩვენებელი საქართველოდან, რაც იწვევს ქვეყნის მოსახლეობის კატასტროფულ შემცირებას.ანზორ თოთაძე თვლის, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდა, მალე ქართველები საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში აღმოჩნდებიან. მეცნიერის აზრით, ქართულმა საზოგადოებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს დემოგრაფიულ ფაქტორს და გარკვეული ზომები უნდა მიიღოს დეპოპულაციის და დემოგრაფიული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. ლიტერატურა:ანზორ თოთაძე, საქართველოს მოსახლეობა მეორე და მესამე ათასწლეულის მიჯნაზე, 1999. ანზორ თოთაძე, საქართველოს მოსახლეობა, თბილისი, 1993. ანზორ თოთაძე, დღეს ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, კვირის პალიტრა. თბილისი, 2022. 24 - 30 ოქტომბერი. N 43 (1474). გვ. 4.